weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს“ – გამსახურდიების პასუხი ივანიშვილის წერილზე

11:19 შაბათი, 30 მარტი 2019
ფოტოზე კონსტანტინე გამსახურდია / ფოტო © RFE/RL ფოტოზე კონსტანტინე გამსახურდია / ფოტო © RFE/RL

„ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა, დაეთანხმოს ადამიანი, მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს“, – ასე გამოეხმაურნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

პირველი პრეზიდენტის შვილების განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკვე შვიდი წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენჯერმე შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ევალებათ, მაგრამ საქმე წინ არ მიდის.

„ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი „მუჯლუგუნების“ შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შეგვიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!

სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, – აღნიშნულია ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივ განცხადებაში.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა და ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდია დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. მანამდე ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დღემდე გამოუძიებლობა ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის ბოლოს ისე იწურებოდა, რომ საქმე ჯერ გამოძიებული არ იყო. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. შედეგად, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა დამატებით 5 წლით გახანგრძლივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]