weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ღარიბაშვილი მერებზე: ზოგმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებლები არიან, ასე აღარ გაგრძელდება

03:04 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტია რეგიონების მიმართულებით გააქტიურდება და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს გააკონტროლებს.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“ ღარიბაშვილმა ზუგდიდელებს ბოდიში მოუხადა.

„ზუგდიდში ვიყავი ჩასული. იქ ჩვენ ყველა ბოლო არჩევნები მოვიგეთ. მე ხომ სამი წელი არ ვიყავი პოლიტიკაში და ვიკითხე - რა მოხდა, რატომ გაუარესდა მოსახლეობის განწყობა, რა დავაშავეთ იმისთანა, რომ ასე შეიცვალა მდგომარეობა. ძალიან მარტივი პასუხი გამცა მოსახლეობამ - თითქმის ორი წელია გზებია ყველგან გადათხრილი, ვერ აგებენ გზებს, წყალგაყვანილობის პრობლემაა, ქაოსია... შემდგომ იყო ინციდენტი მერთან დაკავშირებით. იცით, რომ დავაკავეთ და პასუხისგებაში მივეცით. ეს ელემენტარული პრობლემებია რეგიონებში დაგროვილი, რომელიც საბოლოოდ ძალიან უარყოფით ეფექტს ქმნის მოსახლეობის განწყობაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის მაქსიმალურად ჩაერთვება რეგიონების მიმართულებით მუშაობაში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ „მაქსიმალურად დაეხმარონ მოსახლეობას და ყველა თვითმმართველობის მმართველებმა იგრძნონ ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, ხალხის წინაშე“.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათი ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ მხარი დაგვიჭირა და მანდატი მოგვცა მოსახლეობამ.

ზოგიერთ ოლქში, მესმის ხმები, ზოგმა დაიჯერა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. გააფუჭებენ თუ არ გააკეთებენ, პასუხს არავინ მოსთხოვს. ასე არ იქნება. ასე აღარ გაგრძელდება. უბრალოდ, მინდა, ეს წინასწარ დავაანონსო.

ყველა რაიონში მაქსიმალურად გავააქტიურებთ მუშაობას და პარტია ადგილზე სიტუაციის მაკონტროლებელი იქნება, რომ მოსახლეობას გვერდში მაქსიმალურად დავუდგეთ.

პარტია აკომპლექტებს საკრებულოს და მერობის კანდიდატები არიან პარტიის მიერ შერჩეულები. არ ვაპირებთ, პარტიული შიდადისციპლინა დავამყაროთ. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად გავაკონტროლებთ თითოეულ რაიონსა და რეგიონში მუშაობას, მათ ეფექტიანობას და ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაცია გვექნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზუგდიდში და კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში 19 მაისს მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. გასულ წელს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ზუგდიდისა და მარნეულის მერები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ლაშა გოგია, რომელსაც დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ, 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლა. მას ბრალად არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ედება. არც გოგია და არც აბაზოვი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]