weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პრემიერი - აგრესია სამართალდამცავებზე მიუღებელია, პასუხიც ადეკვატური იქნება

22:51 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა.

პრემიერ- მინისტრის შეფასებით, მათ მიერ გამოჩენილი თავშეკავება ძალიან მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

მამუკა ბახტაძე ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, სრულიად მიუღებელია.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია,

კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ - აგრესია სამართალდამცველებზე, სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე.

„არასდროს, არცერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არცერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შეტაკებისას დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს შსს-ს მანქანები და სპეციალური ტექნიკა.

პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]