weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საკრებულოს პრივილეგირებული თავმჯდომარე, რომელსაც პატრული არ აჯარიმებს

13:16 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

2 წელზე მეტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაბურულმინებიანი ავტომობილით გადაადგილდება. „რეგინფოს“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას არაერთხელ მიუთითეს, რომ დაბურვა მოეცილებინა ან მინები გამოეცვალა, თუმცა არ აჯარიმებენ.

ვანო ბერიძიშვილის თქმით, ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით AA-108-XX კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა, თუმცა 2 წელზე მეტია გურჯაანის საკრებულოს აქვს გადაცემული.

ბერიძიშვილი ამბობს, რომ მინების შუქგამტარობა დადგენილ ნორმას არ აღემატება, თუმცა „რეგინფოს“ აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ სინამდვილეში შუქგამტარობა იმაზე მეტად არის შეზღუდული, ვიდრე ამას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესი ითვალისწინებს.

საკრებულოს თავმჯდომარეს შევთავაზეთ მისი სამსახურებრივი ავტომობილის მინების შუქგამტარობა საპატრულო პოლიციას შეემოწმებინა, რაზედაც მან უარი თქვა. ამის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112–ზე დავრეკეთ, სამართალდარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ და საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება მოვითხოვეთ. დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში 112–ზე დამატებით კიდევ 2–ჯერ დავრეკეთ, რადგან სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე არ მოვიდა. უმოქმედობის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც შევატყობინეთ. 112–ზე პირველი სატელეფონო შეტყობინებიდან 30 წუთის შემდეგ დაბურულმინებიანი ავტომობილი საკრებულოს შენობის ეზოდან მძღოლმა გაიყვანა.

ავტომანქანის მინების დამუქების წესი შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით რეგულირდება, რომლის თანახმად სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია წინა საქარე და წინა გვერდითა მინების დამუქება 40 %-ზე მეტად, ხოლო უკანა გვერდითა მინებისა - 75 %-ზე მეტად.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ ნორმების დარღვევით სატრანსპორტო საშუალების მართვა იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ამასთან მართვის მოწმობას აკლდება 5 ქულა. იგივე ქმედების 1 წლის განმავლობაში მეორედ ჩადენისას ხდება დაჯარიმება 100 ლარით, ხოლო მართვის მოწმობას აკლდება 10 ქულა. თუკი ასეთივე ქმედება 1 წლის მანძილზე მესამედ ან უფრო მეტჯერ იქნება ჩადენილი, მაშინ ჯარიმის ოდენობა ყველა მომდევნო შემთხვევაში გაიზრდება 300 ლარამდე, მართვის მოწმობას კი 15 ქულა მოაკლდება.

ამასთან, მინების დამუქების ნებართვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მხოლოდ ერთი თანამდებობის პირის - ქალაქ თბილისის მერის ავტომანქანაზე შეიძლება გაიცეს.

ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. საკრებულოს წევრი ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. მანამდე მას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია და როგორც ავტობიოგრაფიაში აქვს მითითებული, კერძო ბიზნესში საქმიანობდა.

გურჯაანის საკრებულოს წევრების თქმით, ბერიძიშვილის თავმჯდომარეობა განაპირობა იმან, რომ მამამისი, შალვა ბერიძიშვილი სოფელ ბაკურციხეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვენახებს და ნაკვეთებს უვლის. მათივე ინფორმაციით, ბერიძიშვილი დღემდე ამ პრივილეგიით სარგებლობს.

ჩვენ ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ არ მოახდინა საპატრულო პოლიციამ რეგირება სამართალდარღვევაზე, თუმცა განმარტება ვერ მივიღეთ.

ვანო ბერიძიშვილის პერიოდში საკრებულომ გურჯაანელ ამომრჩეველს თავი „ნაკურთხი პრემიებით“ დაამახსოვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]