weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პუტინი საქართველოს აფხაზეთის ოკუპაციასა და სამხრეთ ოსეთში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს

13:30 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველომ თავის დროზე აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, სამხრეთ ოსეთში კი გენოციდი მოაწყო. როგორც პუტინი ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი „უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები“.

„ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში - ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია).

აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია.

კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება, თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ჩამოყალიბდა საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო.

„ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს გასაკვირიც არის, მაგრამ სტალინის ბრძანებით „ენკავედემ“ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ, ძალიან მკაცრი, ახლა არ მინდა ამის მოყოლა (გახმოვანება) - საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის ჩასაყლაპად და აფხაზი ხალხის“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე სიტყვებით, „ეს მძიმე მემკვიდრეობა სრულად უგულვებელყო“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია - აჭარისაც და აფხაზეთისაც.

„ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი“, – ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, თავის დროზე არწმუნებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ.

„ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ - კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? - წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია.

რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები - აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც.

რისთვის ვამბობ ამ ყველაფერს: ეს ანტირუსული განწყობები წაქეზებულია, გაბერილია, აგორებულია საქართველოში იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან და უგულვებელყოფენ და საბოლოოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თვით საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. გინებაც, ლანძღვაც ამის გამოვლინებაა. ამიტომ ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სერიოზული, ღრმა. არ არის საჭირო რეაგირება ვიღაც ნაძირლების გარეგნულ გამოვლინებებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პუტინის განცხადება „ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითია“;

„ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები [...] აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ისტორიულ ფაქტებზე ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]