weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს

13:26 პარასკევი, 19 ივლისი 2019 hits 433
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის. ოქრუაშვილის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ტელეკომპანიის წილებზე ყადაღის დადება მოითხოვეს.

როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემის თაობაზე სარჩელს მომავალ კვირაში წარადგენენ.

„ამ მოთხოვნის საფუძველია შეთანხმება, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო 2010 წელს, ბერლინში. ეს არის საფუძველი რომ ყადაღა დავადოთ არა მარტო წილებს, არამედ დავიბრუნოთ ეს ქონება. მინდა განვმარტო, რომ 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი შეიძინა. მაშინ ქიბარ ხალვაში მასთან აფილირებული და მის მიერ მხარდაჭერილი პირი იყო, ამიტომ, ბუნებრივია, ირაკლი ოქრუაშვილმა წილები თანხის მიღების გარეშე გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებაზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია.

„პაატა სალია ტყუის, ვინაიდან არსებობს სამი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა, რომ ეს არის ნამდვილი. ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია დამატებითი ექსპერტიზა, თუმცა ბატონ ხალვაშს ხელოვნურად გაჰყავს დრო და არ ცხადდება სამხარაულში, რათა დატოვოს შესადარებლად ხელმოწერბი“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გია ზოდელაშვილის განმარტებით, შეთახმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. მისივე თქმით, დოკუმენტში ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას.

„ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რაიმე მოქმედება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით.

ეს პირობა რა თქმა უნდა, დარღვეულად ითვლება იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ქიბარ ხალვაშის ქმედებები შეთანხმებული არ ყოფილა“, – აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.

18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]