weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

11:46 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა. მამუკა ბახტაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბარიერის გავლების შედეგად დაზარალებულ სოფელში გვიან საღამოს, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა. მისი სტუმრობის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გოჩა მარღიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ტელევიზიის საშუალებით სთხოვა, სტუმარს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ კი თქვა, რომ მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა აწუხებთ და სჭირდებათ მათ. მან რეგიონში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქით, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]