weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2021

არსებობს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ახალი აღიარებების“ საფრთხე?

16:38 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 hits 873
ფოტო: „ეხო კავკაზა“ ფოტო: „ეხო კავკაზა“

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ზეიმია - დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების მეთერთმეტე წლისთავს აღნიშნავენ. .. სამხრეთ ოსეთმა საზეიმო ღონისძიებების გამო .. საზღვარზე გადაადგილებაც კი ჩაკეტა. დაგეგმილია გამოფენები, კონცერტები, საზეიმო შეკრებები.

2008 წლის შემდეგ, რუსეთის აღიარებას, გაეროს წევრი მხოლოდ ამ სახელმწიფოების აღიარებები შეემატა: ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა და სირია. კიდევ ორმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები ჯერ აღიარეს, შემდეგ კი აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.

დე ფაქტო ხელისუფლებები დროდადრო აკეთებენ განცხადებებს, რომ მალე მათი „სახელმწიფოებრიობის“ აღიარებას კიდევ ახალი აღიარებები შეემატება. თუმცა, ჯერჯერობით, ეს სია არა თუ გაიზარდა, არამედ პირიქით - როგორც აღვნიშნეთ, შემცირდა.

გასულ კვირაში აფხაზეთს თურქი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვია. ერთ-ერთმა თურქმა სტუმარმა აფხაზებს ურჩია:

აფხაზეთმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამყაროს თურქეთთან კავშირები და თურქეთმა, შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა“.

ჰოლდინგ Gover Holding-ის ხელმძღვანელის ჰუსეინ ტუგაი შჩენის ეს ციტატა სააგენტო „აპსნიპრესმა“ გაავრცელა.

ჰუსეინ ტუგაი შჩენი თურქი მეწარმეების საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა. სტუმრებს დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სხვა მაღალჩინოსნები შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაჯიმბამ თურქეთის სახელმწიფოს მიმართ აფხაზების ინტერესი და კეთლგანწყობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მსგავსი პათოსის განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პირველად არ გაკეთებულა და არც ეს ვიზიტია თურქი მეწარმეების სოხუმში ჩასვლისა და ინტერესის გამოვლენის პირველი შემთხვევა. მაგალითად, ბრენდ „ბენეტონის“ თურქული წარმომადგენლობა დაახლოებით 10 წლის წინ სოხუმში მაღაზიის გახსნას გეგმავდა, რასაც თბილისში პროტესტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის დაბარებაც კი მოჰყვა. საბოლოოდ სოხუმში „ბენეტონი“ ვერ გაიხსნა.

რამდენად შესაძლებელია, კონკრეტული თურქი ბიზნესმენის განცხადება თუ სურვილი მართლაც შეიცავდეს მორიგი აღიარების ნიშნებს? „რეგინფომ“ განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცალკეული ინდივიდების კერძო ვიზიტს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს:

„მსგავსი ქმედებებით და პროპაგანდისტული ნაბიჯებით, ცხადია, ვერ მოხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის,

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

ამ ფონზე, რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ცდილობენ, უცხო ქვეყნის ცალკეულ მოქალაქეებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებას. ისინი ცდილობენ, ამისათვის აქტიურად გამოიყენონ საზღვარგარეთ და, მათ შორის, თურქეთში არსებული ჩერქეზული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ინდივიდუალური პირების მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

რას უნდა ველოდოთ დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით - არსებობს თუ არა აღიარებების გაგრძელების თუნდაც, თეორიული შანსი? სფეროს სპეციალისტები ამგვარ შესაძლებლობას უფრო მეტად შორეული მომავლის საფრთხედ მიიჩნევენ, ვიდრე უახლოესი წლების. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შიშობს, რომ თუ 10-15 წლის განმავლობაში ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, მსოფლიომ საქართველოს უთხრას - „თქვენ ვერაფერი გააკეთეთ აფხაზებისა და ოსების შემოსაბრუნებლად“.

„მსოფლიოში მიმდინარე ტრენდები და გეოპოლიტიკური მიმართულებები საქართველოსთვის ხელსაყრელ და სასარგებლო ვითარებას ნამდვილად არ ქმნის. ამჟამინდელი სტაგნაცია მომავალში არა ჩვენს სასარგებლო, არამედ საწინააღმდეგო სიბრტყეში გადაიზრდება. თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, უნდა ველოდოთ, რომ მსოფლიო გვეტყვის: „იქ უკვე ყველაფერი რუსულია, ენა, კულტურა, ფული, ბიზნესი, კანონები და თქვენ ვერაფერი გააკეთეთ ამ ხალხის თქვენსკენ მოსაბრუნებლად“. ევროპაში სეპარატიზმის საკითხების წინა პლანზე წამოწევა უკვე აღარ არის ძალიან შორეული პერსპექტივა და ამ ფონზე ჩვენ გვკითხავენ, სად ვართ საერთოდ. რუსეთი, თავის მხრივ, ცდილობს და კვლავაც შეეცდება, აჩვენოს მსოფლიოს, რომ აფხაზებს და ოსებს არა საქართველოსთან, არამედ რუსეთთან უნდათ ყოფნა.

როცა მსოფლიო მიხვდება, რომ საქართველოს სახელმწიფო ამ მიმართულებით ვერაფერს აკეთებს, ამ პროცესის საბოლოო წერტილი შესაძლოა, იყოს ის, რომ დაიწყოს აღიარებების ჯაჭვური რეაქცია.

თეორიულად ეს შანსი არსებობს“, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა „რეგინფოსთან“ საუბარში.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებით არ არის დაინტერესებული, რაც აფხაზურ საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს. კონკრეტულად თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კი ზაქარეიშვილიც გამორიცხავს: „თურქეთი არ დაუპირისპირდება მეზობელ და მეგობარ საქართველოს აფხაზეთის გამო. ეს არანაირ ლოგიკაში, თურქეთის პოლიტიკის სტრატეგიაში არ ჯდება.“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ თურქეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. თუმცა, იგი ამბობს, რომ თურქეთი აფხაზებისთვის წლების განმავლობაში მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, რაც დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსულ ეკონომიკურ გავლენას ასუსტებს და ამიტომ საქართველოს ამ მოვლენის მიმართ შემგუებლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

გიორგი გობრონიძე ასევე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების საფრთხე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ბუნდოვანი პოლიტიკის ფონზე დროთა განმავლობაში გაიზრდება.

„იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს ვატარებთ, არ ვიცით, 10 ან 15 წლის შემდეგ სად უნდა ვიყოთ. შორეულ პერსპექტივაში, დრო არ მუშაობს საქართველოს სასარგებლოდ.

მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფოების გაყოფა უფრო მეტად ხდება, ვიდრე გაერთიანება.

მაგალითად, იუგოსლავია 7 ნაწილად დაიშალა. გასაგებია, რომ ჩვენთვის ემოციურად მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ვიღაცისთვის, მსოფლიოს რომელიმე დიდ დედაქალაქში, შეიძლება, ეს ერთი ჩვეულებრივი მოვლენა იყოს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გაააქტიუროს მუშაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამგობრობას შეახსენოს და მკაფიოდ წარმოაჩინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაული:

„უნდა ვმუშაობდეთ ამ რეგიონებში ქართველთა გენოციდის აღიარებაზე. ამ მიმართულებით ნაკლებად აქტიურები ვართ. ეს ძალიან მნშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო მოთამაშის წინაშე, რომელიც დაფიქრდება, აღიაროს მაგალითად, აფხაზეთის დამოუკიდებლობა, უნდა დაისვას კითხვა - რამდენად იქნება მორალურად მართალი, თუკი აღიარებს ძალას, რომელიც ეთნოწმენდისა და გენოციდის მომწყობ მხარედ იქნება ცნობილი. სწორედ ეს საკითხი უნდა გავააქტიუროთ საერთაშორისო არენაზე. ამ კუთხით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ისეც არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა - სირია რომ გაღიარებს, სადაც ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს, ეს შენზე და შენს დიპლომატიაზე კარგზე არაფერზე მეტყველებს.“

დღეს აფხაზეთში რუსეთის მიერ „დამოუკიდებლობის“ აღიარების მეთერთმეტე წლისთავის გარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „დემოკრატიულად ჩატარებასაც“ აღნიშნავენ - არჩევნები აფხაზეთში 25 აგვისტოს გაიმართა, რომლის მეორე ტურიც უკვე დაიგეგმა 8 სექტემბრისთვის. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

დღესასწაული აქვთ ცხინვალშიც. ადგილობრივი მედია მილოცვებსა და საზეიმო განცხადებებს ავრცელებს. სააგენტო „რესის“ დღის ერთ-ერთი მთავარი ნიუსი და ფოტო ცხინვალში ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის ქუჩების ამბავია. მადლიერების ნიშნად ეს სახელები „სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში“ ერთმანეთის მიმდებარე ქუჩებს ჰქვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]