weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

20 ივნისს არა გავრილოვის ღამე, არამედ პარლამენტის შტურმის ღამე დავარქვათ – ჟორჟოლიანი

14:42 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს არა „გავრილოვის ღამეს“, არამედ „პარლამენტის შტურმის ღამეს“ უნდა უწოდებდნენ.

„მინდა, ჩვენი სახელით მივმართო უმრავლესობას, მედიას, საზოგადოებას: სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს „გავრილოვის ღამე“. ეს არის მცდელობა, აღნიშნული ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა, რომელიც იმ დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ახორციელებდა. იმას, რაც 20 ივნისს მოხდა, „გავრილოვის ღამე“ არ ჰქვია, ამას „პარლამენტის შტურმის ღამე“ ჰქვია.

სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და თუ ამას წავუყრუებთ ეს საზოგადოებაში დამკვიდრდება; ვითომ, გავრილოვი საქართველოს ისტორიისთვის ან მნიშვნელოვანი ფიგურაა ან ის ამბავი იყო მთავარი. არა, მთავარი იყო პარლამენტის შტურმი და ეს პარლამენტის შტურმის ღამე იყო“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. 

დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებას მოუწოდა, ტერმინი „გავრილოვის ღამე“ არ გამოიყენონ.

„ამ სიტყვებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პიარის ნაწილია და გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორების, ყველა შემთხევაში შევეწინააღმდეგებით და მოგიწოდებთ, ყველაფერს, რაც არის რეალობა და ფაქტი, თავისი სახელი დავარქვათ. ეს „პარლამენტის შტურმის ღამე“ იყო“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსმა დეპუტატმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა ადგილი და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. გავრილოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები იძულებულები გახდნენ, საქართველო იმავე დღეს დაეტოვებინათ. მოგვიანებით კი, პარლამენტთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მიერ 21 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. 11 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა და ამის შესახებ მომიტინგეებიც გააფრთხილეს. მინისტრის თქმით, ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, რაშიც მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება. აქცია „სირცხვილია“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]