weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს

14:29 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სამსახურიდან მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ფეისბუქ-პოსტს, რომელიც მოისწრაფიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს.

პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება“, – აცხადებენ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში.

მათივე მტკიცებით, ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

გუშინ, 9 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესსპიკერის თანამდებობიდან ხატია მოისწრაფიშვილი გაათავისუფლა. მათივე ინფორმაციით, მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებდა მუშაობას. „რეგინფოსთან“ ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო „ერთ კონკრეტულ საკითხზე“ სალომე ზურაბიშვილთან „პრინციპული უთანხმოების“ გამო.

დაუდასტურებული ინფორმაციით, უთანხმოება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მხარდამჭერ ფეისბუქ-პოსტს უკავშირდება, რომელიც მოისწრაფიშვილმა გამოაქვეყნა.

„სირცხვილია პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა“, – წერს სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძე.

ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად 2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტის ახალი პრესსპიკერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]