weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველომ ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა

17:36 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელიც ბოლო დაახლოებით 9 თვის განმავლობაში საქართველოში პატიმრობაში იყო, რუსეთს გადასცეს. ახიადოვის ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

„საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში.

ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას.

სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე ბრალდებისა, რამზან ახიადოვი ადამიანურ პირობებში ეყოლებათ. წულუკიანის თქმით, ასეთი გარანტიების პირობებში არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაირღვევა.

„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენის, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიღებული გარანტიების შესრულების მონიტორინგს გააგრძელებენ.

39 წლის რამზან ახიადოვი ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ახიადოვი რუსეთის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს უარყოფს და შიშობს, რომ ციხეში შესაძლოა აწამონ ან მოკლან.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ:

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]