weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დავით გარეჯის ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება – გახარია

10:47 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

საქართველოს პერემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის ხვალიდან გაიხსნება.

დავით გარეჯის საკითხზე გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეჯამების დროს ისაუბრა.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით.

 „ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აზერბაიჯანში ვიზიტამდე, დავით გარეჯის საკითხზე გიორგი გახარიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა.

„ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე“, – ნათქვამი იყო კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]