weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სპეცრაზმელს, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი არ მოუკლავს - სუსი

14:40 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებისგან მიიღო.

მისივე თქმით, სხვა პირებმა, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, საქართველო დატოვეს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 21 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად დღემდე იძიებს საქმეს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. თემირლანის მშობლებისა და ადვოკატების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს, რის გამოც საქმის მასალებს ვერ ეცნობიან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო და მისი არსებითი განხილვა დაიწყო.

მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]