weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 6-მა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ და თანამდებობები დატოვეს

14:48 ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019

„ვტოვებთ საპარლამენტო თანამდებობებს და საპარლამენტო უმრავლესობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ. კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციითაა დადგენილი.

„პროპორციული სისტემის ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა. ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.

ჩვენი პოზიცია გუნდისთვის იყო ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია. ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება ჩემი როგორც ვიცე-სპიკერის და უბრალო მოქალაქის, ვფიქრობ, რომ ეს იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ.

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]