weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სამოქალაქო მოძრაობა „ფეოდალი მაჟორიტარების“ მხილებას შიოლაშვილით იწყებს

10:19 კვირა, 24 ნოემბერი 2019
სამოქალაქო მოძრაობის ფოტო სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ იწყებს. პირველი მაჟორიტარი, რომელსაც მოძრაობა ამხელს, სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი იქნება.

„ჩვენ ვაჩვენებთ მოსახლეობას, თუ როგორ მდიდრდება მათ ხარჯზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, დედოფლისწყაროში შიოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს და მოსახლეობას პროპორციული სისტემის უპირატესობებს გააცნობს.

ირაკლი შიოლაშვილის მიერ თანამდებობის გამოყენებით შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური გამოძიება 2015 წელს მოამზადა.

სტატიაში საუბარია კახეთის გუბერნატორის ოჯახის წევრების მიერ მშენებლობის პროცესში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე - გუბერნატორის ოჯახის წევრებს მეეზოვეები საკუთარ ნაკვეთებში დაჰყავდათ და უფასოდ ამუშავებდნენ; გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთის გუბერნატორის მამამ გენადი შიოლაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; გუბერნატორის დედა - მარინე ღვინიაშვილი კი დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით, უსასყიდლოდ იყენებდა წლების განმავლობაში.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოსყიდვას ცდილობდა.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კი, გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულა და მედიაორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადა.

ჟურნალისტმა გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა და ცილისწამების უარყოფა მოითხოვა. თელავის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ გუბერნატორი გამიოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 31 მაისს, თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და ირაკლი შიოლაშვილს გელა მთივლიშვილის მიმართ ცილისწამების საჯაროდ უარყოფა დაავალა. შიოლაშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა, 2017 წლის 11 სექტემბერს, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 275 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. დღეისათვის, ირაკლი შიოლაშვილის მშობლების მფლობელობაში 3 250 000 კვ.მ, ანუ 325 ჰექტარი სახნავი მიწა ირიცხება. შიოლაშვილის მშობლები ბოლო სამი წლის განმავლობაში გამდიდრდნენ, მას შემდეგ, რაც მათი შვილი ჯერ გამგებლად, შემდეგ კი გუბერნატორად დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]