weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

წულუკიანი რუსეთში ექსტრადირებულ პატიმარზე ინფორმაციას არ გასცემს

20:29 პარასკევი, 06 დეკემბერი 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს იუსტიციის  მინისტრს მოუწოდებს, ორგანიზაციას და საზოგადოებას მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ითხოვს, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. 2016 წლიდან, ოჯახთან ერთად  საქართველოში ცხოვრობდა და სამეწარემო საქმიანობას ეწეოდა. საქართველომ რამზან ახიადოვი რუსეთს 2019 წლის 19 სექტემბერს გადასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რამზან ახიადოვს ბრალად ედება, რომ ის 2013 წელს, სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც გაწევრიანდა ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ში (ISIS) და 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, მის საქმიანობაში მონაწილეობდა. ამ დანაშაულისთვის რამზან ახიადოვს რუსეთის ფედერაცია 2018 წლის 26 სექტემბრიდან ინტერპოლის არხებით ეძებდა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ახიადოვი 2018 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციისთვის, ვინაიდან მას როგორც ეთნიკურ ჩეჩენს, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში ემუქრებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე. საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა არ გაიზიარა.

რამზან ახიადოვის ექსტრადიციას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შემდეგი განცხადება: ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, ექსტრადიციაზე დავთანხმებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით...“ „არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად...“

2019 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ  დაპირებული მონიტორინგი და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი  გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ.

„ვინაიდან მინისტრმა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღეში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა მას, მოეწოდებინა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. მინისტრმა ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიანი ვადა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]