weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ

13:13 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

„ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოში აშშ-ს განცხადებაში, რომელიც 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას ეხება.

„მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირები არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

პარლამენტმა 12 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა სულ 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

  1. თამარ ალანია - არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი
  2. მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  3. შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  4. მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  5. მამუკა ვასაძე- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
  6. მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
  7. თამარ ზამბახიძე - 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
  8. შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  9. ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  10. ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  11. გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  12. პაატა სილაგაძე - არცერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი
  13. ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
  14. ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
  15. ნინო ქადაგიძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  16. ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი
  17. ქეთევან ცინცაძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  18. ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  19. გოჩა ჯეირანაშვილი- 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]