weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება - NDI-ის კვლევა

11:27 ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 53 %-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, მოსახლეობის 59 % ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 %) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ამავე კვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი და ლიდერებისადმი ნდობაც მცირდება. იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს, 2018 წლის შემდეგ 49 %-დან 64 %-მდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი.

პარლამენტის საქმიანობის შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 57 % მას უარყოფითად აფასებს, 9 % კი დადებითად. მოქალაქეების უმრავლესობა (64 %) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათნაირი ხალხის შეხედულებებს ითვალისწინებს, ხოლო 68 % ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.

ქვეყნის მთავარი საჯარო ინსტიტუტებიდან საქართველოს ჯარს ყველაზე დადებითი შეფასება აქვს (52 %). მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსდევს 50 %-ით, რაც 2019 წლის ივლისის (64 %) შემდეგ მნიშვნელოვანი ვარდნაა.

2019 წლის ივნისის აქციებზე და მომხდარ ძალადობაზე საუბრისას, 45 % პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მოსახლეობის უმრავლესობას (59 %) სმენია, რომ „ქართული ოცნება“ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მოთხოვნას - 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო - დასთანხმდა, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა და პარლამენტში ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ვისაც ეს სმენია, მათი 70 % ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს.

„შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება. ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგელობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ეჭვქვეშ დგას“, - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 % ასეთ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 13 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 7 % - „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“, 6 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 5 % - „პატრიოტთა ალიანსს“, 4 % - „პოლიტიკურ პლატფორმა - ახალ საქართველოს“, ხოლო 3 % - „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65 %მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56 %-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას. მხოლოდ 33 %-მა განაცხადა, რომ ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წელს დაუჭირა მხარი.

აღნიშნული კვლევა 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]