weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - ასლან ბჟანია

12:15 ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს. როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“, - აცხადებს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

„თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს“, - აღნიშნავს ბჟანია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება. არჩევნებში სავარაუდოდ ასლან ბჟანიაც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2019 წლის აპრილში მოწამლეს და ჯანმრთელობის პრობლემების გამო არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

2020 წლის 10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააუქმა. „სასამართლოს“ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოხუმში დაწყებული მძლავრი საპროტესტო აქციები ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით.

ქართულ-აფხაზური დიალოგის საჭიროებაზე აფხაზი პოლიტიკოსების განცხადებებს დღესვე პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ გამოეხმაურა.  

„ბოლო დღეებია, აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აფხაზი პოლიტიკოსებისაგან სულ უფრო ხშირად გვესმის ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობის საჭიროებაზე განცხადებები. ამგვარი განცხადება, ჯერ საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ცნობილმა პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ გააჟღერა და შემდეგ ბატონმა ასლნ ბჟანიამ, რომელიც აფხაზეთის ოპოზიციური ძალების მოქმედ ლიდერს წარმოადგენს. ამგვარი სიგნალები, ჩვენ კარგა ხანია არ გვსმენია და შესაბამისად, ეს განცხადებები ყურადსაღებია.

შიშის, დაყოფისა და სიძულვილის რუსულმა პოლიტიკამ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა. ამით იზარალა ერთიანმა საქართველომ და ორივე მხარეს მცხოვრებმა ხალხმა.

„ლელოში“ მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე. პირდაპირი დიალოგი, შესაძლოა გამოდგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელ გზაზე. ჩვენ გვწამს, რომ აფხაზებსა და ქართველებს დიდი ხანია გვმართებს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიება და ახალი ფურცლიდან გვაქვს დასაწყები ხალხთაშორისი საუბარი.

სამწუხაროდ, დღემდე ჩვენი სისუსტეებით ძალიან მოხერხებულად სარგებლობდა გარე ძალა, რომლის ძალისხმევამ უკიდურესად სავალალო სიტუაცია შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გონიერი, რაციონალური, პრაგმატული მიდგომების პირობებში, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობები და ახალი პოლიტიკური ძალები, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას თვისობრივად შევცვლით“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]