weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპორტის მინისტრის კომპანიებისგან სახელმწიფომ 13 000 0000-მდე ლარის ავტომანქანები იყიდა

16:18 პარასკევი, 28 ივლისი 2017
 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილი კომპანიებისგან 12 793 101 ლარის ღირებულების ავტომანქანები შეისყიდეს. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იყიდა 11 704 820 ლარად ღირებული 262 ერთეული უახლესი ავტომანქანა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილმა კომპანიებმა - „კავკასუს მოტორსმა“, „იბერია ავტო ცენტრმა“, „იბერია ავტომ“ და „კია მოტორს ჯორჯიამ“ საქართველოს სამთავრობო და სხვა უწყებების მიერ გამოცხადებულ 10 ტენდერში გაიმარჯვეს, რომელთა ერთობლივი ღირებულება 12 793 101 ლარს შეადგენს.

შპს „იბერია ავტო ცენტრი“ გამარჯვებულად გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორ ელექტრონულ ტენდერში, რომლის თანახმად 2017 წელს გამოშვებული 262 ცალი ავტომანქანის მიწოდება უნდა განხორციელდეს. ავტომანქანების ჯამური ღირებულება 11 704 820 ლარია.

შპს „იბერია ავტო“-სგან 7 ერთეულ ახალ „სედანს“ შეისყიდის საქართველოს მთავარი პროკურატურა. ავტომანქანების ღირებულება ჯამში 425 300 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის თებერვალში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 76 950 ლარად ღირებული 1 ცალი მაღალი გამავლობის ავტომანქანა „KIA SPORTAGE“ შეისყიდა შპს „კია მოტორს ჯორჯია“-სგან.

შპს „კავკასუს მოტორსი“-სგან ახალი (2016 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული), ექსპლუატაციაში არმყოფი „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანების შესყიდვა განახორციელა ექვსმა სუბიექტმა:

  • ფინანსთა სამინისტრო - 6 ერთეული, სულ ღირებული 263 720 ლარად;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 2 ერთეული, სულ ღირებული 98 000 ლარად;
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო - 1 ერთეული, ღირებული 46 200 ლარად;
  • შპს „ბლექსი არენა ჯორჯია“, რომლის 100 %-ის მესაკუთრეა სახელმწიფო, - 1 ერთეული, ღირებული 61 206 ლარად;
  • შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“, რომლის 100 %-ის მესაკუთრეა სახელმწიფო, - 1 ერთეული, ღირებული 55 115 ლარად;
  • ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“ (დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ), – 1 ერთეული, ღირებული 61 790 ლარად.

ტარიელ ხეჩიკაშვილი „იბერია ავტო ცენტრის“ 100 % წილის მფლობელია, „იბერია ავტო“-ში - 70 %-ის, „კავკასუს მოტორსის“ 33 %-ის, „კია მოტორს ჯორჯი“-ში კი 25 %-ს ფლობს. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის ანაზღაურება წელიწადში 75 000 ლარია, ხოლო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 8 350 000 ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]