weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაზარაძე „ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

21:26 ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები. აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

ეჭვქვეშ დგება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ამ ვითარებაში მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, პარტიის წევრებსა და  მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს. 

კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის  ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს.

მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია“, - ნათქვამია მიმართვაში.

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, 21 ინვარს „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის სრული ტექსტი საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს გამოაქვეყნა. წერილში გამოთქმულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

გიორგი გახარია - ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე დავსხდეთ და წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ; შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ი მხარს უჭერს. შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ;

ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა.

ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ“, - განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]