weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ ბიუჯეტიდან 105 მილიონზე მეტი მიიღო

14:12 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა“ მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად,

კომპანიამ 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც 102 მოიგო. 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია და ამ პირობებში 31 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

შპს „სერპანტინი“ 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა და გზებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში საქმიანობს. თავდაპირველად, კომპანია 1957 წელს შექმნილ „ხიდების სარემონტო სამშენებლო სამმართველოს“ ბაზაზე დაფუძნდა, რომლის დირექტორად 1986 წელს დაინიშნა გივი ზედელაშვილი, გიორგი ზედელაშვილის მამა. მისი გარდაცვალების შემდგომ წილი გადაფორმდა მის მეუღლეზე, თამარ ჯანყარაშვილზე. დღეს ეს წილი 69 %-ია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა მოიცავს 2011 წლიდან არსებულ ინფორმაციას. 2011-2012 წლებში, შპს „სერპანტინის“ ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 5.3 მილიონი ლარი მოდის კახეთში განხორციელებულ პროექტებზე. ამ სექტორში მომუშავე კომპანიისთვის ეს არ არის დიდი მოცულობის თანხა.

2012 წლამდე შპს „სერპანტინი“ ერთ-ერთი რიგითი კომპანია იყო. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არ იკვეთება მისი განსაკუთრებული ან დომინანტური მდგომარეობა 2012 წლის ჩათვლით, თუმცა სურათი რადიკალურად იცვლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2013 წელს, როცა ზედელაშვილი შს მინისტრის მოადგილე გახდა, „სერპანტინის“ ბრუნვები 2012 წელთან შედარებით, 700%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, ხშირად გვხვდება ისეთი ტენდერები, სადაც შპს „სერპანტინი“ ტენდერში იმარჯვებს კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „სერპანტინის“ მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.

გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად მოიაზრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]