weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

გვინდა, საქართველომ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება შეძლოს - ვიბლერი

18:41 ორშაბათი, 16 მარტი 2020 hits 1237
პიტერ ვიბლერი - USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი - USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი

„გვინდა, რომ საქართველო გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მეტად დაუახლოვდეს ევროპას, შეძლოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება და გააძლიეროს დემოკრატია. ჩვენ ვაღრმავებთ და ვაფართოებთ იმ ინვესტიციებს, რაც ჩავდეთ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაში. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ ვიზრუნებთ საქართველოში სოფლის ტიპის დასახლებების განვითარებაზე. ეს ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩება“, - აცხადებს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

- რა არის USAID-ის მთავარი პრიორიტეტები საქართველოში?

- USAID ამერიკის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც განვითარების საკითხებზე მუშაობს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს და ქართველებს, საკუთარი ძალებით მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და კერძო სექტორმა თავად შეძლონ განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება, როგორც ეკონომიკის სფეროში, ისე დემოკრატიის მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს გამართული, კეთილდღეობის მქონე, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა.

- ბოლო 10 წლის განმავლობაში რა ოდენობის თანხა დახარჯა USAID-მა საქართველოში სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად და რა მიგაჩნიათ USAID-ის მთავარ მიღწევად ჩვენს ქვეყანაში?

- USAID-ის დახმარება ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას შემდეგ, რაც USAID-მა საქართველოში მუშაობა დაიწყო, თითქმის 2 მილიარდი დოლარის ინვესტირება შევძელით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ არა დაფინანსებაზე, არამედ შედეგებზე. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები დავამყარეთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან, კერძო სექტორთან, რაც ქვეყანას ევროპისკენ წინსვლაში დაეხმარა. 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში, დავეხმარეთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. 2008 წლის ომის შემდეგ, ქვეყანას ელექტროგადამცემი და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღდგენაში დავეხმარეთ. მხარი დავუჭირეთ იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებით უჭირდა. კიდევ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ წარსულში. ახლა კი გვინდა, რომ საქართველო გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მეტად დაუახლოვდეს ევროპას, შეძლოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება და გააძლიეროს დემოკრატია. ჩვენ ვაღრმავებთ და ვაფართოებთ იმ ინვესტიციებს, რაც ჩავდეთ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადობაში და თავისუფალ მედიაში, ამავე დროს, ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, რათა გავაძლიეროთ მმართველობითი ინსტიტუტები, გავაფართოოთ ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული საქმიანობა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა. ვამაყობთ იმ შედეგებით, რასაც წარსულში მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო ვამაყობთ იმით, რის გაკეთებასაც ქართველ ხალხთან ერთად მომავალში შევძლებთ.

- USAID საქართველოში წლების განმავლობაში უჭერს მხარს მედიის განვითარებას და თავისუფლებას, თუმცა დღეს ქვეყანაში გვაქვს პოლარიზებული ნაციონალური მედია და თავისუფლების პატარა კუნძულები, ონლაინ და რეგიონული მედიის სახით. მინდა გკითხოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯერ დირექტორი გაათავისუფლეს, მერე პროდიუსერები, ბოლოს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები მოხსნეს ეთერიდან. რისი გაკეთება შეუძლია USAID-ს საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და სიტყვის თავისუფლების დასაცავად?

- ეს კარგი კითხვაა. ამერიკის მთავრობას, და არა მხოლოდ USAID-ს, სწამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, იქნება ეს საქართველო თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ფუნდამენტური პრინციპია, რომ თავისუფალი მედია არსებითად მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატისათვის. მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას.

ერთგვარი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ იყვნენ ამერიკის საელჩოში და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრებსაც შეხვდნენ, რათა არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრათ. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოს სამაუწყებლო სექტორში და ონლაინ მედიაში.

როგორც იცით, საქართველოში, ძირითადად რეგიონულ მედიას ვეხმარებით. ვმუშაობთ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ონლაინ მედიასთან, რადიოებთან, მათ შორის თქვენს მედიასთან. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ონლიან მედია საშუალებებთან, როგორიცაა „ბათუმელები“ ბათუმში. ჩვენგან მედია ორგანიზაციები არამხოლოდ ტრენინგს და ტექნიკურ რჩევებს იღებენ, არამედ იმ ინსტრუმენტებსაც, რაც მათ წარმატებისა და მდგრადობის მიღწევაში დაეხმარებათ. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს რეგიონებში ჩვენი პარტნიორი მედიების, მათ შორის თქვენი მედია საშუალების ნიჭი, კრეატიულობა, საქმისადმი ერთგულება. ეს მედია ორგანიზაციები ჩვეულებრივ ადამიანებს, თემის წევრებს აცნობენ იმ ამბებს, რომლებიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თემში ასეთ ამბებზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენი დახმარებაც იმისკენაა მიმართული, რომ ეს ინფორმაციული საჭიროება დაკმაყოფილდეს.

- რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?

- ჩვენ არ გვაქვს ერთი ცალკე აღებული პროგრამა, რომელიც მხოლოდ მთიან რეგიონებზე მუშაობს, თუმცა გვაქვს კონკრეტულ სექტორზე ან თემაზე მორგებული სხვადასხვა პროგრამა. ვცდილობთ მთაში კულტურის პოპულარიზაციას და აღორძინებას, რაც სოფლის ტიპის დასახლებებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი გზაა. ვცდილობთ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პროგრამებით გამოვაცოცხლოთ შესანიშნავი კულტურა ამ ადგილებში. როგორც თქვენთვის ცნობილია და თქვენ თავადაც დიდი როლი ითამაშეთ ამ პროგრამაში, ჩვენ ხელი შევუწყეთ მთის ინტერნეტიზაციას. ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგრამის მეშვეობით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ელექტროენერგია ხელმისაწვდომი გავხადეთ ზოგიერთ მთიან ადგილას. ამ საკითხს შევხედეთ როგორც ენერგეტიკის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჭრილში. სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ვახორციელებთ რამდენიმე პროგრამას, რომელთა ერთ-ერთი სამიზნე  ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონებია. სამოქალაქო საზოგადოებიდან წამოსული ზოგიერთი ინიციატივის და ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ჩვენი აქტივობებით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას. საქართველოში ბევრი მშვენიერი, ძნელად მისადგომი ადგილია, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ თუ ტურისტები იქ მოხვედრას უფრო მარტივად შეძლებენ. ტურიზმი ეკონომიკის ზრდას ეხმარება, ამავდროულად იცავს საქართველოს საგანძურს - მის ბუნებრივ რესურსებს. ძირითადად ეს არის ის, რაზეც ჩვენ საქართველოს მთიან ადგილებში ვმუშაობთ.

- USAID-ის ერთ-ერთი პოპულარული პროგრამაა „ზრდა“, რომელიც საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რეგიონში ხორციელდება. გეგმავს თუ არა USAID მის გაფართოებას, რომ ამ პროგრამით უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში?

- ეს კარგი კითხვაა და თქვენი და თქვენი მსმენელების აზრიც მაინტერესებს, რადგან ახლა ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ „ზრდის“ მიერ დაწყებული საქმე. ამ პროგრამის მიზანი, საქართველოს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობასა და თემებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაა. ამაში ვგულისხმობთ მაგალითად, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლე თემებს. ჩვენ სხვა რამდენიმე ისეთ თემთანაც ვმუშაობთ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა დავაშენოთ ჩვენი შემდგომი საქმიანობა „ზრდის“ მიერ მიღწეულ წარმატებას ისე, რომ შევინარჩუნოთ ამ პროგრამისთვის დამახასიათებელი ის მოქნილობა და აქტივობები თემის დონეზე, რამაც „ზრდა“ ძალიან პოპულარული გახადა. ამაზე ვფიქრობთ და მივესალმებით თქვენს მოსაზრებებს. ახლა რამდენიმე იდეას განვიხილავთ, შეიძლება საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი შევარჩიოთ სამიზნედ და იქ ვიმუშაოთ სოფლის ტიპის დასახლებების განვითარებაზე. ვფიქრობთ იმაზეც, ხომ არ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა უფრო მიზანმიმართულად ზოგიერთ იმ თემში, რომელშიც „ზრდა“ უკვე მუშაობს, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა დანამდვილებით, რომ ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ საქართველოში სოფლის ტიპის დასახლებების განვითარებაზე. ეს ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩება.

ჩვენი პროგრამა გაგრძელდება ამა თუ იმ ფორმით, თუმცა მომდევნო პროგრამის კონკრეტულ ფორმაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]