weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ახალდანიშნულ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ფიცი სასწრაფოდ დაადებინეს

15:55 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

ხვიჩა კიკილაშვილი უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2020 წლის 3 აპრილს დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის თქმით, უზენაესი სასამართლო, განსაკუთრებით კი აალი მოსამართლები ჩქარობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში კიკილაშვილის დანიშვნას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს სახალხო დამცველის ძალიან მნიშვნელოვან სარჩელს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეხება. სასამართლომ მართალია მანამდე სადავო ნორმები არ შეაჩერა, მაგრამ ახალი კონკურის (რომელიც ახლა მიმდინარეობს) პირობებში, მისივე, მანამდე მიღებული საოქმო ჩანაწერის ლოგიკით, ამ ნორმების შეჩერება მოუწევდა, ხოლო თუ მოგვიანებით ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის კლანს და ხელისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვაში მანაწილეობას ვერ იღებს ბატონი ზაზა თავაძე, რომელიც კონკურსში როგორც კანდიდატი მონაწილეობდა, ხოლო ქალბატონ მაია კოპალეიშვილს ვადა გასული ჰქონდა და საქმის განხილვა პლენუმს 7 მოსამართლის შემადგენლობით უწევდა.

გადაწყვეტილების მიღებას 7 მოსამართლის პირობებში სჭირდება 4 ხმა, რომელიც ჩემი ეჭვითა და შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით კლანის ინტერესების საწინააღმდეგოდ უკვე არსებობდა.

სწორედ ამის გამო აჩქარდა კლანი, დაჩქარებული წესით მოიძია „სანდო“ კანდიდატი, კარანტინის ფონზე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სხვა მოსამართლეების, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასწრების გარეშე, ასევე საყოველთაო კარანტინის პირობებში, ფიცი დაადებინა მოსამართლე კიკალიშვილს და ალბათ, ის უკვე როგორც მოსამართლე ჩაერთვება ამ საქმის განხილვაში, ხოლო 8 მოსამართლის პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილებას უკვე 5 ხმა დაჭირდება, რომელიც ვეღარ მოგროვდება“.

ხვიჩა კიკილაშვილი 1994-1995 წლებში მუშაობდა ფოთის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად; 1995-2002 წლებში მუშაობდა თელავის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად, შემდეგ პროკურორის თანაშემწედ. 2002-2004 წლებში იყო თელავის რეგიონალური სამხედრო პროკურორის მოადგილე. 2004-2006 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2006-2011 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2007-2011 წლებში - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2011-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2013-2016 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2017-2019 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2019 წლის ივლისიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]