weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების საკუთრებით გადაცემის საკითხს განიხილავს

08:39 ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020

16 აპრილს საქართველოს პარლამენტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები საკუთრებაში გადაეცეს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ცვლილებები შედის საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო

მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის 1 ლარად.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება.

პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. საბოლოო, მესამე მოსმენა კომიტეტში 16 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტს შესაძლებლობა ექნება ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცოს.

TDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები.

„ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა. კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ ნაბიჯით, სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი“, - ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]