weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გამოძიების დასკვნამდე სხვა ქვეყნის დადანაშაულების უფლება არ მაქვს – პრეზიდენტი

18:59 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

„მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმესთან რუსეთის ხელისუფლების კავშირს ეხებოდა.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვერ გამოსტყუებენ, ვინმეს თითი დაადოს“.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა რამზან კადიროვის განცხადებაზე, რომლითაც ჩეჩნეთის ლიდერი ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ ემუქრება.

„კადიროვის განცხადებაზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება პირველ რიგში, რომ მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, იმიტომ, რომ ადამიანის და ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად.

„კორონაპანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს.საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად“, – განაცხადა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

ბრალდებას რამზან კადიროვი 16 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს კიდეც.

„თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ამის შესახებ ვერავინ, მითუმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები [საქართველო და უკრაინა] ვერ გაიგებენ“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

ამასთან, კადიროვმა გიორგი გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]