weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დოლიძემ, ელისაშვილმა, კობერიძემ და იოსელიანმა ახალი პლატფორმა შექმნეს

17:50 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ამავე მოძრაობის წევრმა ლევან იოსელიანმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

პლატფორმის წარდგენისა და მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება დღეს გაიმართა.

„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობისა და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს. გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ახალი დღის წესრიგი, რომელზეც ავაშენებთ წარმატებულ და თავისუფალ საქართველოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, დღეს იყო არა პარტიის, არამედ პლატფორმის პრეზენტაცია.

„ეს არის მაგიდა, სადაც ვიკრიბებით საქართველოზე შეყვარებული ადამიანები, სადაც ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ საქართველოზე, ქართველი ხალხის დარდსა და პრობლემებზე. გვინდა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში პოლიტიკა არის ხალხის სამსახური, ხალხის პრობლემებზე ფიქრი და მათი გადაჭრა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან კობერიძის თქმით, თუ ქვეყნის პოლიტიკურ ველზე გარღვევა არ მოხდება, წარმოუდგენელია მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

„ის ორპოლუსიანობა, რაც შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ თანავარსკვლავედისა და „ქართული ოცნების“ თანავარსკვლავედის სახით, ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ პოლიტიკა ხალხის საქმე არ არის. ცდილობენ ამ ორპოლუსიანობით ერთმანეთი კვებონ და დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვა საკითხებზე გადაიტანონ, ვიდრე არის რეალურად“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმაზე, თუ როგორ პოლიტიკურ ფორმას მიიღებს ახლად შექმნილი პლატფორმა. ლევან კობერიძის განცხადებით, კონსულტაციებს თამარ ჩუგოშვილთან, თამარ ხულორდავასთან, გიორგი მოსიძესთან და პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ მართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]