weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი გახარია იმსახურებს, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყოს – თალაკვაძე

10:11 შაბათი, 20 ივნისი 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს.

შეკითხვას, შეიძლება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი იყოს, თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ უპასუხა.

„მე ვფიქრობ, ის იმსახურებს, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ესა არის კოვიდ-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას - გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისის ღამეს, იმსახურებს თუ არა პირველ ნომრად დასახელებას, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

„ეს შეკითხვა რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროთ, ერთი და იგივე პასუხი მექნება და სავარაუდოდ, წლების შემდეგაც ასე იქნება. როდესაც მზადდებოდა და სახეზე იყო შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე და სახეზე იყო ორსაათიანი ძალადობა პოლიციელებზე, პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადეკვატურად იმოქმედეს. შესაბამისად, მაშინ მინისტრმა და სამინისტრომ იმოქმედეს იმ ფარგლებში, როცა მათ უნდა შეესრულებინათ კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებული ვალდებულება. გიორგი გახარია შსს-ში მუშაობის დროს ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტის ინიციატორი, რომელთა განხორციელება მოხდა მისი იქ ყოფნის პერიოდშივე და ნაწილი გაგრძელდა წარმატებით. ასე რომ...“.

ჟურნალისტმა თალაკვაძეს შეახსენა, რომ 20 ივნისს, გახარიას შს მინისტრობის დროს, ხალხი დასახიჩრდა.

„მერე? ამაზე გითხარით პასუხი. ეს მთელი ჩვენი გუნდისთვის სამწუხაროა“, – უპასუხა არჩილ თალავაძემ.

გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომა იყო საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემოშვების გამო. საპროტესტო გამოსვლები თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, რამდენიმე თვე გრძელდებოდა. გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან არ გადამდგარა, რამდენიმე სექტემბრის დასაწყისში კი დაწინაურდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]