weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

NGO-ები ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

13:26 შაბათი, 20 ივნისი 2020 hits 242

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებს, მიუხედავად 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობისა, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამ საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „უფლებები საქართველო“.

„21 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს. შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.

საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი, ის ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, იცხოვრონ უფრო დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაში. სამართლიანი საარჩევნო სისტემა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისა და რეფორმების განხორციელების გზაზე არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს.

მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩებიც. მათ ამ საკითხზე გუშინ გაავრცელეს განცხადება.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს. მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე  8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]