weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

13:48 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატი პროპორციულად და 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, რომლებმაც საკონსტუტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად დაასახელეს წინასწარი პატიმრობიდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო.

საკონსტუტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულა, „ნაციონალური მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოს“ კი ცვლილებების ჩაგდება სურდათ.

„ეს პრონციპულად ეწინააღმდგებოდა მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე, ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე. დღევანდელი კენჭისყრა იყო ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას. მეორე მხარეს დარჩა „ქართული ოცნება“ დ ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კენჭისყრის პარალელურად, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები.  

გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, თუმცა მოსამართლემ ისევ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე.

„მთავარი არხის“ ერთერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, იცვლება პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესი პროპორციული სისტემის სასარგებლოდ 120/30-ზე (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი). ასევე, გათვალისწინებულია 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]