weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

23:13 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტმა 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის განცხადებით, ცვლილებების დიდი ნაწილი ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს.

ცვლილებების თანახმად, არჩევნების დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.

ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

ცვლილებების თანახმად, ტელე და რადიო მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გმოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოქვეყნებაზე ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარით. სხვა მედიიის საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება.

საზოგადოებრივ მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციური პარტიების გარდა, დებატებში მიიწვიოს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციური სუბიექტებიც. 

მედია საშუალებას საარჩევნო უბანში 2 წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება, ნაცვლად სამისა.

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას, მიიღებს ასევე დანამატს მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესისაა. დანამატი პარტიის ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

განისაზღვრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესი, რომლის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება - თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის.

საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტის 120 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, 30 წევრი კი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]