weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს – შენგელია

17:33 პარასკევი, 03 ივლისი 2020 hits 620

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას და სანოტარო საქმიანობის განახლების უფლებას არ აძლებს. შენეგლიამ სასამართლოს განჩინების აღსრულების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

ბაჩანა შენგელიას თქმით, 19 ივნისიდან აღარ აქვს წვდომა პროგრამაზე, რომელითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება 22 ივნისს დაიწყო იმ საფუძვლით, რომ 18 ივნისს ბაჩანა შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და სანოტარო საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. შენგელიას განმარტებით, სამსახურში ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ იყო, შემცვლელის დანიშვნის უფლება კი ნოტარიუსს კანონით აქვს მინიჭებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 30 ივნისის დააკმაყოფილა ბაჩანა შენგელიას განცხადება და დროებითი განჩინებით იუსტიციის სამინისტროს დაავალა განმცხადებლისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. დროებითი განჩინების გასაჩივრებისთვის იუსტიციის სამინისტროს 12-დღიანი ვადა მიეცა.

„უკვე მესამე დღეა ხელისუფლების ერთი შტოს ნაწილი - იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მეორის - სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემთვის საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე.

ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ იყო, დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნა და იძულებითი აღსრულების დაწყება თუ მომიწევდა, მართლა არ მეგონა“, – ამბობს შენგელია და იქვე აღნიშნავს, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

იუსტიციის სამინისტროს შენგელიას მიმართ დისციპლინური წარმობა კიდევ ერთი საფუძვლით აქვს დაწყებული. 24 ივნისით დათარიღებულ წერილში, რომელიც, როგორც შენგელია ამბობს, 29 ივნისს ჩააბარეს, ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი ამჯერად ბაჩანა შენგელიას მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადებები გახდა.

„გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს წერილში.

26 ივნისს, ვიდრე ბაჩანა შენგელია მეორე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეიტყობდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ყოფნის დროს, უპასუხა შენგელიას საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებებს. წულუკიანმა თქვა, რომ ნოტარიუსებს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელების დროს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა ეკრძალებათ. მინისტრმა ოპოზიცია შენგელიას საქმის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილია. კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა, რასაც შენგელია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

2018 წლის 9-15 ნოემბერს სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის სამეურვეო საბჭოს ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა, რაც საბჭოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

2019 წლის 11 თებერვალს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, 2019 წლის აგვისტოში გამოძიება შეწყვიტა. ამის შემდეგ ბაჩანა შენგელიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]