weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აბაზოვი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიაში ჩასმა შესთავაზა

11:47 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი „რეგინფოსთან“ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმა შესთავაზა, რაზეც უარი არ უთქვამს.

აბაზოვის განცხადებით, ჯერჯერობით ამ თემაზე მეტს ვერაფერს იტყვის.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია უკვე წარადგინა, პროპორციულ სიას სავარაუდოდ სექტემბერში წარადგენს. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.

თემურ აბაზოვი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. 2018 წლის 13 ივნისს აბაზოვი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ).

საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც იმავე წლის 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, აბაზოვმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა. მოქალაქის დამცირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

გამოძიების მიმდინარეობის დროს თეიმურაზ აბაზოვს დამატებით წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აბაზოვმა ბრალი არ აღიარა და აცხადებდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყო. მან 6 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, რის შემდეგაც გირაოთი გაათავისუფლეს. 2020 წლის თებერვალში რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ჭიქაზე ბიოლოგიური მასალის - შარდის შემცველობა დადგინდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გავრცელებული ვიდეო-მასალა და სხვა), ადასტურებდა, თემურ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოუხსნა. საიას განცხადებით, ამ მუხლში აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.

„პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ იყო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის მოხსნა“, - განაცხადა საიამ.

ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 1443-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]