weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა - ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

15:48 პარასკევი, 31 ივლისი 2020

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ, მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სახეზე დაზიანებები მიიღო.

თამაზ აბაშიძემ „რეგინფოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გვიან ღამით ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იყო მისული, თვალის არეში ნაკაწრის გამო.

„გუშინ ბეშუმში ბოტანიკური ბაღის გახსნა იყო, ხელისუფლება ესწრებოდა და ხულოში გვიან, 12-ის მერე ჩამოვედი. მივედი საავადმყოფოში, რადგან გაკაწრული მქონდა თვალის არეში, ვიმკურნალე და წავედი ოჯახში. არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. ვიღაცამ თუ შემნიშნა, მე ხომ იქ მალულად არ მივსულვარ და ალბათ ვიღაცამ თქვა. პოლიტიკური განცხადებები, ვინ რა ვერსიას იტყვის... კი, უფლება აქვთ ამის, მაგრამ დაზუსტებულ ინფორმაციას მე გეუბნებით“, – განაცხადა თამაზ აბაშიძემ „რეგინფოსთან“.

მისივე თქმით, დღეს ბეშუმში იმყოფება და საკრებულოში იმ მიზეზით არ მივიდა, რომ ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღინიშნება.

„დღეს ბაირამია, ოჯახებში და საფლავებზე, სასიკეთო საქმეებზე დავდივართ. ყოველ შემთხვევაში, ბაირამის დღეებში ჩვენ არ ვკამათობთ, სიყვარულზე და მოფერებაზე ვსაუბრობთ“, – ამბობს თამაზ აბაშიძე.

მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნაზე დაპირისპირება თამაზ აბაშიძესა და ანზორ ბოლქვაძეს შორის მოხდა. ხულოს საკრებულოს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე აცხადებდა, რომ დაპირისპირებული მხარეების შერიგება ხულოს მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაავალა. ჯორბენაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მერმა მხარეები თავის კაბინეტში შეიყვანა, სადაც „მოხდა შელაპარაკება, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ორივე დაშავდა“. მოგვიანებით, ირაკლი ჯორბენაძემ თქვა, რომ თამაზ აბაშიძეს ანზორ ბოლქვაძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, ბეშუმში ბოტანიკური მაღის გახსნას არ დასწრებია და კახეთში ტრენინგზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, თბილისიდან აჭარაში ღამის სამ საათზე დაბრუნდა. „დილას ვკითხულობ, რომ კაცი მიცემია. ცხოვრებაში არავინ მიცემია და ხმამაღლა არ დავლაპარაკებივარ“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

ხულოს რაიონული ჰოსპიტალის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ თამაზ აბაშიძე სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 23:40 საათზე მივიდა და მარჯვენა თვალბუდის ღია ნაფლეთოვანი ჭრილობა ჰქონდა. ექიმის ინფორმაციით, თამაზ აბაშიძემ მათ უთხრა, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო, რის გამოც პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

თამაზ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. 2013-2017 წლებში ის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]