weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე თანამდებობიდან გადადგა

18:14 პარასკევი, 31 ივლისი 2020 hits 1353

მთავრობის ადმინისტრაციაში „რეგინფოს“ დაუდასტურეს, რომ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯაფარიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, მთავრობას განცხადებით დღეს მიმართა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემაც, რომელიც არჩილ ჯაფარიძის კადრი იყო. 

მთავრობის ადმინისტრაციაში არ განმარტეს, რატომ გადადგა თანამდებობიდან გუბერნატორი ახლა, როცა 28 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, რაჭა ძალიან დაზარალდა და 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. 4 სოფელთან დროებითი კავშირი უკვე აღდგენილია, ორშაბათამდე კავშირი კიდევ 2 სოფელთან აღდგება. დარჩენილ სოფლებთან, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას სულ მცირე 1 თვე დასჭირდება. სრულად აღსადგენია 4 ხიდი. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე. სტიქიის ზონაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, მთავრობა 10 დღეში ვარაუდობს. 

„ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად, გუშინ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე დაინიშნა.

არჩილ ჯაფარიძემ და დავით ღუდუმიძემ „რეგინფოს“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს. ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად 2017 წლის 14 აგვისტოდან მუშაობდა. მანამდე, 2014-2017 წლებში ის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, არჩილ ჯაფარიძის გადადგომა მასსა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჯაფარიძე-ენუქიძეს შორის არსებული კონფლიქტი ბოლო პერიოდში თითქოს ამოიწურა. ამ მიზნით, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო „კარსე“-ში 3 ივლისს ე.წ. წვეულებაც გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი და თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდნენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძესა და გოჩა ენუქიძეს შორის დაპირისპირება წილების განაწილებას მოჰყვა. 

„ბოლო წლებში მათ საკმაოდ სოლიდური თანხა წამოიღეს „აწარმოე საქართველოდან“. ამ ფულით ააშენეს ლორის საწარმო, წყლის ჩამომსხმელი ქარხანა, იყიდეს მიწები, ააშენეს სასტუმრო, გააშენეს ვენახები. სწორედ ამ წილების განაწილებაზეა დავა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდებმა გაარჩიეს, მათ შორის რამაზ ჯინჭარაძემ.

კანონიერ ქურდებს გუბერნატორმა ჯაფარიძემ მიმართა. ჯინჭარაძე წარმოშობით რაჭველია. ამ გარჩევის დროს ენუქიძე გაამტყუნეს. რამდენიმე დღის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ გოჩა ენუქიძე ისევ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. რაში სჭირდება ენუქიძეს ისეთი გუბერნატორი, რომელიც მასთან კონფლიქტში იყო. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ენუქიძემ სამთავრობო დონეზე დააყენა გუბერნატორის გათავისუფლების საკითხი. ამ სტიქიური უბედურების დროს, როდესაც მთელი მთავრობა ერთ გუნდად უნდა იყოს შეკრული - დეპუტატიც, მინისტრიც, გუბერნატორიც და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდნენ, ამის ნაცვლად დაკავებულები არიან კლანური გარჩევებით“, - აღნიშნავს ოთარ სირაძე.

„რეგინფოს“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებს არც გოჩა ენუქიძემ უპასუხა. თუ ჯაფარიძე, ენუქიძე ან ღუდუმიძე კომენტარს გააკეთებენ, „რეგინფო“ მას შემოგთავაზებთ. 

შეგახსენებთ, 5 აპრილს თანამდებობიდან გადადგნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე. ემზარ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის მამაა. „რეგინფო“ წერდა, რომ ონის მერი და მისი მოადგილე არჩილ ჯაფარიძესთან და გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირებას შეეწირნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]