weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო შეხვედრის დროს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

14:29 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

პარტია ლელოს განცხადებით, გუშინ, დადიანების სასახლის ეზოში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის წარდგენის დროს, ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა პროვოკაცია მოაწყეს, რაც ღონისძიების ჩაშლას ისახავდა მიზნად.

დღეს პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ინციდენტში მონაწილე პირები დაასახელა. ხაზარაძის თქმით, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებიც იყვნენ.

„პროვოკაცია დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერების მიერ. ჩვენ მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში „ლელოს“ წინააღმდეგ პროვოკაციას. ესენი არიან სხვადასხვა ააიპ-ის თანამშრომლები: მადონა მაქაცარია – ბიბლიოთეკის დირექტორი, როლანდ მაქაცარია – სპორტის ააიპ-ის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია – „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ. მე მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მსგავსი მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა მადონა მაქაცარიამ „რეგინფოსთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, მან გუშინ თქვა, რომ 18:00 საათის შემდეგ ააიპ-ის თანამშრომელი აღარ არის.

„ლაივპრესის“ ცნობით, მამუკა ხაზარაძეს ეროვნული მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ხაზარაძე წლების წინ ეროვნულ მოძრაობას და მის ლიდერს, მერაბ კოსტავას უპირისპირდებოდა, რასაც ვერ პატიობენ.

მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს განუცხადა, რომ ცრუ ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს არბევდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, „ასავალ-დასავალმა“ გაავრცელა, რისთვისაც გაზეთი სასამართლომ დააჯარიმა.

„შევიტანე სასამართლოში სარჩელი და მოვიგე. დაიკითხა 60 მოწმე, რომელიც სასამართლოში იყო დაბარებული. ის გაზეთი, რომელმაც ხალხი შეიყვანა სიცრუეში, დაჯარიმდა. ის ჟურნალისტიც დაჯარიმდა და ფულადი კომპენსაციაც დააკისრეს. მერაბ კოსტავა, ის დიდი კაცი, არ მინახავს 100 მეტრის სიახლოვეს“, უთხრა მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო პარტიამ გაავრცელა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, გუშინ ინციდენტი მოხდა სამტრედიაშიც, სადაც მათი შტაბის უფროსის ავტომობილი დაამტვრიეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იდენტიფიცირებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათ ვინაობასაც გაასაჯაროებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]