weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას – მეუფე შიო საარჩევნო შეხვედრებზე მღვდელმთავრების გამოჩენაზე

16:40 ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მისვლა, პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავს.

„მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება, მხარდაჭერისკენ მოწოდება“, – განუცხადა მეუფე შიომ ჟურნალისტებს.

31 ოქტომბრის არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ღონისძიებებზე არაერთი მღვდელმთავარი გამოჩნდა. 20 სექტემბერს, ბაღდათში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე წარადგინეს. ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დაესწრო. მეუფე ანტონი ესწრებოდა ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენასაც. როგორც მან მედიასთან განაცხადა, სასულიერო პირები „არც სიტყვით გამოსულან და არც მხარდაჭერა გაუკეთებიათ“.

„როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. არსებულ ხელისუფლებას ჩვენ, ეკლესია ყოველთვის ვუჭერთ მხარს“, – აცხადებს მეუფე ანტონი.

18 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) დაესწრო ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ ღონისძეიბას, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი პარტიის ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრება მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შუალედრურ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია ესწრებოდა. 3 სექტემბერს, ქარელში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენის ღონისძიებას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი დაესწრო. 14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა წარადგინეს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ღონისძიებას კი ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო. 11 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ლაგოდეხში ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა. 10 აგვისტოს ქადაგიშვილი ახმეტაში წარადგინეს, სადაც ალავერდელი მიტროპოლიტი დავითიც იმყოფებოდა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ასეთ ღონისძიებებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]