weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა

00:32 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა.

ზაალ უდუმაშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ჟორჟოლიანი საარჩევნო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

„ის წლებია, მიკროფონით ხელში იბრძვის სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოდან გაცილებით უფრო აქტიურად იბრძოლებს. მე დარწმუნებული ვარ, ნანუკას გამარჯვებაში, მით უმეტეს, მის მშობლიურ ოლქში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა გადამდგარი გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ერთი თვის წინ გამოაცხადა.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენამდე ორი საათით ადრე მიიღო. მისი თქმით, უარი არ უთხრა მეგობარს - მიხეილ სააკაშვილს, ვისი თანამებრძოლიც წლების განმავლობაში იყო. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ასეთი შემოთავაზება აქამდეც არაერთხელ მიუღია.

„ზოგადად, არ მინდოდა, რომ ქართული პოლიტიკის ნაწილი ვყოფილიყავი. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი პირველ რიგში იყო ის, რომ კარგად დამარწმუნეს, რომ ომია და ცხოვრებაში, არცერთ ეტაპზე, ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს. ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი ამ არჩევნებზე გადის და ვიფიქრე, რომ თუ შემიძლია გამარჯვების ერთი აგური დავდო, ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოწვევა იქნებოდა“, – თქვა ჟორჟოლიანმა საკუთარ გადაცემაში. 

მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკოსი გახდეს.

„ვაპირებ, რომ ჩამოვიდე ყველა სოფელში. ერთადერთ რამეს დაგპირდებით, რომ ყოველთვის მოვისმენ თქვენს პრობლემებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი პრობლემები შევცვალო. ჩემთვის არასოდეს იქნებით სტატისტიკა და ციფრები, არასოდეს დაგთვლით კვადრატული მეტრობით“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა 

ტელეწამყვანმა მთავარ კონკურენტად „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე დაასახელა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს არავის ლანძღვას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]