weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა – სააკაშვილი საზღვრის შესახებ გამოძიებაზე

18:25 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა პროკურატურაში გამოძიების დაწყება აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებაზე.

„ის რაც გუშინ იკადრეს აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებზე, ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, უწმინდესი ადგილის - გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები: ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება „ფსბ“-ს პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის, და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე აყენებდა საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, რათა „დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია“.

„უფრო მეტიც - ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა. ჩაუკეტეს საშუალება საკუთარ სიწმინდეებთან, დაკუთარ კულტურასთან და ისტორიასთან შეხების. ეს მოხდა ამათ დროს- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული: „ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია. ის, რომ ეს სიტუაცია ხდება იმ დაძაბულებისა და ომის ფონზე, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, სადაც რა ტქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევით“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]