weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

გალში ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

12:33 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 hits 458

ოკუპირებულ გალის რაიონში, 30 სექტემბერს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს არის გადაღებული, ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„რომ არ იყოს ეს გაყოფა, რომ ერთად ვიყოთ, მეგობრულად ვიყოთ, იმიტომ გავაკეთე ეს. არაფერი მაქვს არც დროშის და არც აფხაზების საწინააღმდეგო. არა! პირიქით - როგორც ადრე, ძმებივით უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ. ყველას პატიებას ვთხოვ, ვინც ნაწყენია“, – ამბობს ბებუა ვიდეოში.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, თუმცა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა მუხლით არის დაკავებული ირაკლი ბებუა.

სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაააქტიურეს ცხელი ხაზი.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]