weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მითხრეს, რომ ჯეიჰუნი ღობეზე გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო – გიორგაძე

14:46 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ამირან გიორგაძის განცხადებით, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია და სიცრუეა, რომ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემა.

„როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მე მადებს ხელს და იქ კადრებში ისმის, თვითონ ასახელებს, რომ ამირან გიორგაძეს ვეძებო... მერე ხელს მადებს, რომ თურმე მე დამირტყია. არის თუ არა ეს სიცრუე? მე აქ ვიყავი, შტაბში და რომ გამოვედი, ის ჯეიჰუნი გარბოდა ფეხით და მერე მითხრეს ბიჭებმა, როგორც კი ღობეზე გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო. რის დაზიანებები აქვს? არ ვიცი, მე ექსპერტი არ ვარ. კადრებში ვჩანვარ როცა უკვე ვაშველებ ხალხს. ტელეკამერები და ტელეფონები ჩართული იყო, სადმე მაჩვენეთ, რომ მე ვიღაცას ვურტყამ“, – განაცხადა ამირან გიორგაძემ ტვ „პირველთან“ ინტერვიუში.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, არ იცის, ვინ მიაყენა ჟურნალისტს დაზიანებები.

„სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომ ყველამ მისი სახელი ახსენოს. ყველა ახსენებს - ქიმაძე, ქველაძე, ჟურნალისტი. თურმე ყველას ერთად ვურტყამდი და კადრები არსად არსებობს. მიზანი ის არის, რომ მე ვარ შტაბის უფროსი, კარგად მიმყავს შტაბის საქმიანობა, ვარ საკრებულოს თავმჯდომარე და პირდაპირ ჩემზე კეთდება აქცენტი.“, – განაცხადა ამირან გიორგაძემ.

ჯეიჰუნ მუჰამედალიმ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს. ლაშა ქველაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ქველაძის ავტომობილიც.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და კიდევ სამ თანამშრომელს. ტელეკომპანიის ცნობით, მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ის „ქართული ოცნების“ წევრების ჩასაწერად მივიდა.

„მივედი შტაბთან. კიბეებზე ასვლას ვაპირებდი. კითხვას დავუსვამ, ბატონი ამირანი აქ არის თუ არა-მეთქი და ერთი ეს მახსოვს, რომ ბრბო წამოწია ჩემსკენ, ათზე მეტი ადამიანი იყო, ყვირილი დაიწყეს და ოპერატორს დაარტყეს. ამის მერე ეგ მახსოვს, რომ ძირს ვეგდე. შემდეგ ავდექი, წამოვედი და დაახლოებით 20 მეტრში უკვე ვერ ვიდექი ფეხზე, პოლიციელებთან დავეცი“, - განაცხადა ჟურნალისტმა „მთავარი არხის“ ეთერში.

„მთავარი არხის“ თანამშრომლების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრვი მაუწყებლის ოპერატორსაც და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა. მაუწყებლის თანახმად, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

მარნეულის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

ბოლნისში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა – მთავარი არხი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]