weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„აქ „ოცნების“ მხარდამჭერი ხალხია“ – ქობულეთის ბაზარში „ლელოს“ წევრები არ შეუშვეს

16:49 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020
„ლელოს“ ფოტო „ლელოს“ ფოტო

ქობულეთის ცენტრალური ბაზარის შესასვლელთან დაპირისპირება მოხდა. „ლელოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბაზარში საარჩევნო მასალების დარიგების საშუალება არ მისცეს მათ აქტივისტებს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებს - პაატა ცივაძესა და ზურაბ გოლიაძეს.

„ლელოს“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის წევრები ნაცემები არიან.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ზეწოლა, ხელშეშლა საარჩევნო კამპანიაში. ვხედავთ, რომ ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზარში უშვებენ „ქართული ოცნების“ აქტივსტებს და „ლელოს“ უკრძალავენ, ფიზიკური ძალადობით ყრიან გარეთ. ქობულეთში „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ ორი ადამიანის - პაატა ცივაძის და ზურაბ გოლიაძის, ფურცლების ეშინიათ“, – განაცხადა საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.

აჭარის ტელევიზიასთან ქობულეთის ბაზრის კომერციულმა დირექტორმა, ანჟელა ხაჯიშვილმა თქვა, რომ ის „ხაზარაძისგან არის დაზარალებული“, რის გამოც ბაზარში „ლელოს“ წარმომადგენლების ხილვა არ სურს.

ბაზრის კიდევ ერთი ხელმძღვანელის, ალექსანდრე რომანაძის განცხადებით, კომერციული ობიექტი კერძო საკუთრებაა და „ლელოს“ იქ შესვლის უფლებას არ მისცემენ.

„ეს არის კერძო საკუთრება. არის საკუთრების საზღვარი და იქით შეგიძლიათ გადასცეთ ინფორმაცია, ესაუბროთ ხალხს, მაგრამ აქ, შიგნით, ეს არ მომხდარა, არცერთი პარტია აქ არ შემოსულა ასე. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ბანერი გააკრა, რა ვქნა მე. აქ „ოცნების“ მხარდამჭერი ხალხია. კი, ბატონო, მეც მათ შორის“, – უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე რომანაძემ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბაზართან იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ მალხაზ რომანაძე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „რეგინფომ“ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ამ დროისთვის უცნობია, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო თუ არა პოლიციამ გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]