weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნოღაიდელმა დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში გაგზავნილ წერილზე განმარტება გააკეთა

22:38 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განმარტა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი და მიზანი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში ნიღაიდელმა განაცხადა, რომ გუშინ პროკურატურაში სწორედ ამ წერილთან დაკავშირებით გამოკითხეს და მისი გამოკითხვა არ უკავშირდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას, რადგან მათ არ იცნობს და არასოდეს შეხვერია.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს განიხილავდა როგორც უშიშროების საბჭოს წევრი უშიშროების საბჭოს სხდომების ფარგლებში. ნოღაიდელის თქმით, 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხომაზე დაისვა საკითხი თუ რომელ მხარეს უნდა დარჩენილიყო დავით გარეჯის სამი სალოცავი - ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი და ბერთუბანი.

„ვინ იყო მომხსენებელი, ზუსტად არ მახსოვს, მაგარამ, ალბათ, სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთი იქნებოდა. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრილვარ. არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ისინი მოწვეული უშიშროების საბჭოს იმ სხდომებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი. 

ძალაინ პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი „თუ“–ს გარეშე ითქვა, რომ დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. ამის შემდეგ დასკვნა გააკეთა სააკაშვილმა, რომ ჩვენს მთავარ ამოცანად ახლა რჩება ამ ძეგელბის რესტავრაცია და მათი შენარჩუნება როგორც ქართულ სალოცავებად“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია უშიშროების საბჭოს არცერთ წევრს არ გამოუთქვამს.

„მართალი რომ გითხრათ, დეტალები, რატომ დადგა დღის წესრიგში სწრაფად ამ პრობლემის - სალოცავების რესტავრაციის საკითხი, გამოკითხვის დროს არ გამხსენებია, მაგრამ მერე გავიგე, რომ იმ დროს მიდიოდა ბერების მიერ ჩიჩხიტურის კოშკის გარემონტების მცდელობა და, შესაბამისად, იქ კონფლიქტურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი და ჩემი წერილის ამოცანა იყო, ქართული სალოცავების რესტავრაცია შეგვძლებოდა.

მკაფიო პოზიცია გვქონდა მაშინ და სხვა პოზიცია არ არსებობდა - ვთქვათ, იყო რამე რუკა ან რამე საბუთი ან საქართველოში, ან სადმე სხვაგან, რომლის მიხედვითაც ჩვენი პოზიციები უფრო გამყარდებოდა და შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლებოდა ამ პრობლემის საჩვენოდ მოგვარება. აქ საუბარია ჩიჩხიტურის კოშკსა და უდაბნოს მონასტერზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა რუკითაც, ბერთუბანი რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

წერილი ისე იყო შედგენილი, რომ სადავო ვერავის მხრიდან ვერ გახდება იმ თვალსაზრისით, რომ ვერავინ გამოთქვამს პრეტენზიას, რომ აი, რახან ეს წერილია დაწერილი, ეს ძეგელბი ჩვენია - ვგულისხმობ, რომ

აზერბაიჯანის მხარეს ვერ ექნება ამ წერილის გამო საფუძველი, რომ თითქოს საქართველო უარს ამბობს თავის შესაძლო პრეტენზიებზე ამ ძეგელბის, ტერიტორიების მიმართ. 

ეს ყველაფერი წყდება დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ფარგლებში და ეს არის ერთადერთი სწორი, ლეგალური მიმართულება, სადაც ყველა ეს პროცესი უნდა დადგინდეს. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს წერილი დიდი საამაყო წერილი შეიძლება არ არის და ჯობდა, შეიძლება, ტელეფონზე საუბრით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა ჩვენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ რთული და დაძაბული ვითარება იყო და, როგორც ჩანს, სწრაფი ჩარევა იყო საჭირო.

მე არ მახსოვს, ვისი მომზადებულია წერილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს თუ უშიშროების საბჭოს სამდივნოს, მაგრამ ამის დადგენა გამოძიებას არქივში თავისუფლად შეეძლება. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წერილით საქართველო უარს არ ამბობს ამ პროცესის სხვა ფორმატში მოგვარებაზე და ჩვენ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გვაქვს დამატებითი არგუმენტები. აქ მთავარი საკითხი სხვა არის:

იმ დროს არსად თქმულა და არსად ჩანდა, რომ გვაქვს დამატებითი საბუთები ან რუკები ან ორივე ერთად, რომელიც ჩვენს პოზიციებს გაამყარებდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოგვცემდა დამატებით არგუმენტებს, უპირატესობას იმისთვის, რომ ჩვენ ეს ტერიტორიები დაგვებრუნებინა.

სამწუხაროდ, როგორც ამას ვხედავთ ამ პროცესებსა და განხილვებში, ფაქტობრივად, ერთადერთი პერიოდი, როდესაც ჩვენ ვღებთ ამ დამატებით, საჩვენო არგუმენტებს, სწორედ 1938 წლის გადაწყვეტილებების საფუძველზეა და 38 წლის რუკებია. არასდროს იმ 3 წლის განმავლობაში, როდესაც მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და არც მერე (2007 წლიდან 13 წელი გავიდა) არ მსმენია და არ მიმიღია ინფორმაცია, რომ საქართველოში იყო ხარვეზიანი რუკა ან რუსეთში დადასტურებული და ბეჭედ დასმული. ამაზე რომ რაიმე ინფორმაცია მქონოდა, ცხადია გამოვიყენებდი და მივიღებდი ზომებს, რომ მეტი არგუმენტი გვქონოდა მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]