weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

მჯერა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა შემსრულებლები არიან – ღარიბაშვილი

15:15 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 hits 385

„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პროკურატურამ პირველ ეტაპზე გამოკვეთა, ჩვეულებრივი შემსრულებლები არიან და ასეთი მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ დონეზე ხდება.

„მე ღრმად მჯერა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პროკურატურამ პირველ ეტაპზე გამოკვეთა და მისცეს პასუხისგებაში, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები.

ვის წარმოუდგენია, რომ დიქტატორი, მასხარა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც მეზობელ ქვეყანასთან ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაციაა, განხორციელდა უამღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

„ეს საქმე არის საერთო ეროვნული საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. მთელი გუნდი არის ამ პათოსით გამსჭვალული. როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში სხვა მესამე უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეს სიბინძურე და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, იქნას მიცემული პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რუკების მოძიების და სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლის პროცესი 2014 წელს დაიწყო, როდესაც მან დავით-გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა კირიონი გაიცნო და მისგან დავით-გარეჯის ისტორია მოისმინა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკითხის დამუშავება და დასკვნის მომზადება უსაფრთხოების საბჭოს დაავალა.

„1996 წელს აზერბაიჯანი-საქართველოს რესპუბლიკის მთავრობები შეთანხმდნენ და გააფორმეს მემორანდუმი, ხელშეკრულება, რომ აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცია განხორციელდებოდა 1938 წლის რუკის მიხედვით. ეს ისეთი ნათელი, ცხადი ჩანაწერი არის, რომ არავითარი სპეკულირების, თუ მანევრის საშუალება არცერთ მხარეს არ ეძლეოდა. ამის შემდეგ მე ვავალებ, რომ რუკა მოიძიონ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით 1938 წლის რუკას საქართველოში ვერ მიაკვლიეს და მისი ასლი 2014 წელს ჩამოიტანეს საზღვარგარეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან.

2014 წელს ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. როგორც ის ამბობს, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა (2019 წლის მარტი), მამა კირიონის ნახვის შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილი და „მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი“.

„აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამთავრობო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა „ნეიტრალურმა, ობიექტურმა და მიუკერძოებელმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ“. დასკნის მიხედვით, საქართველოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკა ამ შეთანხმების დროს.

2020 წლის 29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სადავო რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი უარი ითქვა მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

როგორც ცნობილია, სადავო რუკა და სხვა მასალების ნაწილი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და საქართველოში ჩამოიტანა. ხიდაშელის განცხადებით, რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]