weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ხელწერილით გაათავისუფლეს „ლეიბორისტული პარტიის“ ცესკოსთან დაკავებული წევრები

13:50 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 hits 182
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

თბილისში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

სამი პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის (166-ე და 173-ე მუხლები) იყო დაკავებული. „რეგინფოს“ პარტიაში განუცხადეს, ხელწერილით გათავისუფლებულების სასამართლო პროცესი ამ დროისთვის ჩანიშნული არ არის.

საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მიერ გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის 30 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივებას ითხოვდნენ. აღნიშნული ვადა გუშინ, 27 ოქტომბერს ამოიწურა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს.

აქციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მხარე ცესკოს საქმიანობისთვის ხელის შეშლას და დისკრედიტაციას ცდილობს.

„ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24-საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ცესკომ გუშინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რაზეც მათ „კატეგორიული უარი გამოთქვეს“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის, ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, ღია ფორმატისთვის და სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შევთავაზოთ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულ ფრთას, განვიხილოთ ის საკითხები და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ უარი განაცხადეს ამ სამუშაო შეხვედრაზე“, – თქვა კალანდარიშვილმა.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაცია ცესკომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 24 ოქტომბერს დაიწყო, რაც 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა 26 ოქტომბერს ეს ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივეს. „ევროპული საქართველოს“ წევრების, ელენე ხოშტარიასა და ხათუნა გოგორიშვილის პროტესტის შემდეგ რეგისტრაციის ვადა კიდევ ოთხი საათით გახანგრძლივდა. ცესკოს განცხადებით, გამოყენებულ იქნა ყველა საინფორმაციო საშუალება და ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება. ამ დროისთვის უცნობია, თვითიზოლაციაში მყოფმა რამდენმა ამომრჩეველმა მოითხოვა გადასატანი ყუთით მომსახურება.

არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]