weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით – არასამთავრობოები

14:08 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

25 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო 31 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

„ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“, – აღნიშნულია მათ ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანზიაციები ყურადღებას ამახვილებენ წინასაარჩევნო პერიოდზეც და აღნიშნავენ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, „ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება“.

„წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა“, – აცხადებს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს.

პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

შეჯამების სახით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); კავშირი „საფარი“; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC); მწვანე ალტერნატივა; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს მედია-კლუბი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC); რეგიონის განვითარების ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი(HRIDC); საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC); სამოქალაქო ინიციატივა; სათემო ფონდი „ლელი“; სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]