weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართული ოცნება“ ცესკოდან თანამშრომლის წასვლას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს

18:49 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ივანე ბურდულის სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის კავშირს, კერძოდ, დიმიტრი შაშკინთან მეგობრობას უკავშირებს.

„ბურდული არის მათი წრიდან. ორი წლის წინ ამის გამო რომ ვინმეს გაეთავისუფლებინა, ატყდებოდა ერთი ამბავი – პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლესო. რა თქმა უნდა, არავინ გაათავისუფლებდა ამ ნიშნით, თუმცა ყველამ იცოდა, როგორც ახლა ირკვევა, რომ ეს ადამიანი მათი ოჯახის წევრი იყო, შაშკინის უახლოესი მეგობარი და ა.შ. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი შეიძლება სცენარის ნაწილიც იყოს, ასე ჩანს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკოდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირებიც წავიდნენ.

„არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე ახლო ურთიერთობაში არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და მათგან, შეიძლება, დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონის შესაქმნელად, შეიძლება, იგივე მოქმედება გაიმეორონ. შეიძლება, ეს ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი მათ უჩენს ილუზიას – ახლა შევქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს ქვეყანა ჩამოიშალა“, – განაცხადა მდონარაძემ.

ივანე ბურდულს „ჩანერგიული“ უწოდა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა. თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით დღეს მიმართა. განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბურდულის თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ივანე ბურდულს არც მის უშუალო და არც ცესკოს ხელმძღვანელებთან კონსულტაცია არ ჰქონია.

„ჩვენთვის გაუგებარია ის მოტივები, რის საფუძველზეც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ეს ხელს შეიძლება უწყობდეს ცესკოს და ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ აგორებულ დესკრედიტაციას და მიზანმიმართულ ზეწოლას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ ამ პარლამენტს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, რადგან „ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]