weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სახალხო დამცველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

22:34 კვირა, 08 ნოემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა და მოუწოდებს სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. 

სახალხო დამცველის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი.

„სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხი ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც „არჩევნების გაყალბება“ გააპროტესტეს. 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა და შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მოქალაქეებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლებისკენ და შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდა. როგორც მელიამ თქვა, ხვალიდან ცესკოს შენობაში ვერავინ შევა, ვერც იქიდან გამოვა და ეს პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]