weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ცესკომ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

23:50 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე საჩივრებთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოისმინა.

„ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და მეორე მხრივ, პოლიტიკური ზეწოლა. შემიძლია, გითხრათ, აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ათი და მეტი წელი. ამ ადმინისტრაციამ ჩაატარა არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარეს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოში არჩევნების შედეგები გასაჩივრებული ჰქონდათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს –„ევროპული საქართველო“, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიცია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სამართლიანობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციას – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია). სულ წარდგენილი იყო 110 საჩივარი.

„ევროპულმა საქართველომ“ 30-ვე საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმები (როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში) გაასაჩივრა და მათი ბათილობა მოითხოვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიცია“ – 29 საარჩევნო ოლქის შედეგებს ასაჩივრებდა.

საჩივრების განხილვა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ საჩივრების შინაარსი დეპუტატმა ოთარ კახიძემ შეაჯამა.

„კანონის თანახმად არჩევნები უნდა იყოს ფარული და თავისუფალი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი იყო მასშტაბი ბიულეტენების გარეთ გატანის და გარეთ შემოხაზვის. ორგანიზებული ჯგუფი ამომრჩეველს გარეთ უხაზავდა ბიულეტენს და ატანდა შიგნით ჩასაგდებად. ამგვარი ბიულეტენების მასშტაბი, სადაც კონვერტს აკლია ბიულეტენი, არის 8404 და გაკონტროლებული ხმების რაოდენობა, თუ თითო კარუსელის მასშტაბს გავითვალისწინებთ, 200 000-მდეა. ამის გარდა, ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩენილია 200-ზე მეტ უბანზე. ზედმეტი ბიულეტენი ნიშნავს ბიულეტენის ჩაყრას საარჩევნო ყუთში. ამ 200-ზე მეტ უბანზე 100 000-ზე მეტი ამომრჩეველია. ამის გარდა, საარჩევნო ოლქის კომისიას უნდა გადაეთვალა ის უბნები, სადაც დისბალანსი ფიქსირდებოდა. გადათვლაზე 566 საჩივარი შევიტანეთ, მხოლოდ 3 შემთხვევაში დაგვიკმაყოფილდა გადათვლის მოთხონა და სამივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ სერიოზული უზუსტობები იყო. ყოველი მეორე მაჟორიტარული და ყოველი მესამე პროპორციული ოქმი ჩასწორებულია“, – თქვა კახიძემ.

თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ოთარ კახიძის მიერ დასახელებული „ასტრონომიული რიცხვები“ აბსოლუტურად არასწორია და არ იცის, საიდან აქვს მას მოტანილი. ჟვანიას თქმით, არაუგვიანეს ხვალინდელი დღისა, ცესკო გამოაქვეყნებს ე.წ. დისბალანსების შესახებ მონაცემებს, რომელიც კახიძის მიერ დასახელებული მონაცემებისგან განსხვავდება.

რაც შეეხება საიას, მათი სარჩელი დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმს შეეხებოდა. როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, აღნიშნული ოქმი საიას სასამართლოშიც აქვს გასაჩივრებული და ცესკო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

საიას წარმომადგენელმა განმარტა, თუ რატომ არ წარადგინა ორგანიზაციამ საჩივრები სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებითაც:

„მოგეხსენებათ, ოლქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განკარგულებები შემგომ სასამართლოში საჩივრდება. როდესაც უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება მოხდა ცესკოში და შემდეგ სასამართლოში, ჩვენი საჩივრების უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფლდა. შესაბამისად, არ გადათვლასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებია და სამართლებრივად შეუძლებელი იყო სხვა უბნებთან და სხვა ოლქებთან დაკავშირებით საჩივრები შემოგვეტანა“, – განაცხადა საიას წარმომადგენელმა.

ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილებები შესაძლებელია ერთ დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]