weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ნინო კალანდაძე გამოკითხეს

22:11 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, კითხვები ძირითადად 2012 წელს, ბრიფინგზე მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დაუსვეს.

„ეს იყო ბრიფინგი, რომლის მიწურულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომელსაც მე გავეცი სპონტანური პასუხი, რითიც განვმარტე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოებს შორის, რათა აღდგეს მიმოსვლა. საერთოდ არასდროს ყოფილა საუბარი იმაზე, რომ გარაჯი არ არის საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სასამართლო დარბაზში მისი განცხადების ჩანაწერი ტელეფონით მოასმენინეს და შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ის კონტექსტიდან ამოგლეჯილია და მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია.

„ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი. ის დავით გარეჯს არ ეხება და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ძალიან მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. 

ამ საქმეს უჭირს, ამ საქმეს არ აქვს სისხლისსამართლებრივი ნიშნები. ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია. ეს ესმის ყველას. აშკარად იკვეთება განწყობა, რომ ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

კალანდაძის თქმით, პროკურორმა მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობათან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ კომისიის საქმიანობას არ იცნობს, რადგან მასთან შეხება არ ჰქონია.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ნინო კალანდაძე, რომელიც 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამინისტროს ოფიციალური პრეს-სპიკერი იყო, პროკურატურაში დაიბარეს. როგორც დღევანდელი გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, 2012 წელს, საჯარო განცხადებაში ნინო კალანდაძე ამბობდა, რომ დავით გარეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთ იყო, რაც ავტომატურად წარმოადგენდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პოზიციას. 

„ეს პოზიცია იყო, მისი განცხადების შესაბამისად, ის, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორიაში და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ სიტყვებს ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამ საჯარო განცხადებაში ამბობს.

თუმცა, ამაზე პასუხი მას არ ჰქონდა, პრაქტიკულად, არანაირი პასუხი არ გაუცია. ასევე, სხვა შემხვედრ საკითხებთან მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“, – განაცხადა პროკურორმა. 

2020 წლის 29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. 

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი ბრალს არ აღიარებენ. 

14 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ შეფასების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და საქმე საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემას ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]